ოპოზიციური პარტიების შეხვედრა ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენელთან დასრულდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ხელისუფლების ოპონენტებმა განაცხადეს, საუბარი შარლ მიშელის ექვსპუნქტიან გეგმასა და მათთვის მნიშვნელოვან პუნქტებს შეეხო.
ოპოზიციონერი ლიდერები დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ, თუმცა ამბობენ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება სხვადასხვა ფორმატში: ეს იქნება შეხვედრები ოპოზიციასთან, მმართველ გუნდთან და ორივე მხარესთან ერთად.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება. იქნება შეხვედრები როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთადაც. ამ შეხვედრების შემდეგ გამოჩნდება, სად ვართ და რამდენად შესაძლებელია კრიზისიდან გამოსვლა. ვისაუბრეთ ექვსპუნქტიან გეგმაზე, ყველა პუნქტზე, როგორ ხედავს ოპოზიცია ამ გეგმის შესრულებას და შევთანხმდით, რომ ამ მოლაპარაკების შედეგად გაგრძელდება პოლიტიკური კონსულტაციები.
მხარეების შეხვედრა შედგება დღეს ან ხვალ. ეს დამოკიდებულია შუამავლებზე. მათ ოპოზიციასთან შეხვედრის პირველი რაუნდის შემდეგ დასჭირდებათ დრო, რომ ჩამოყალიბდნენ საკუთარ წინადადებაში და, სავარაუდოდ, დღეს, დღის მეორე ნახევარშივე განახლდება მოლაპარაკებები. ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ, სად გადის ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი საკითხები: ესაა არჩევნები და პოლიტიკური დევნა", - ამბობს დავით ბაქრაძე.
რაიმე კონკრეტულის თქმისგან თავს იკავებს ლელო საქართველოსთვის ლიდერი, ბადრი ჯაფარიძეც - ის კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები კრიზისიდან გამოსვლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
„ეს მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩვენ მივაღწიოთ დეესკალაციას, კრიზისის განმუხტვას და შევქმნათ ფუნდამენტი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის და საზოგადოების კონსოლიდაციისთვის. ეს არის უნიკალური შანსი, როდესაც ვხედავთ ასეთი მაღალი დონის ჩართულობას, იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ შევძლოთ, პრობლემები გადავწიოთ უკან და ვიფიქროთ კონსტრუქციულად ერთად იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გამოვიყვანოთ იმ ბევრი პრობლემისგან, რომელიც დღეს გვაქვს.
ამას უნდა შევხედოთ როგორც მოლაპარაკებებს, რომელიც უქმნის შანსს ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ შევქმნათ მართლაც ნამდვილი ფუნდამენტი ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციონალური განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნის საზოგადოების გამთლიანებისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე დაყენებისთვის", - აცხადებს ჯაფარიძე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებში შუამავლობის ხელშესაწყობად ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა.
დანიელსონი თბილისში გუშინ 12 მარტს, გამთენიისას ჩამოფრინდა. ის გუშინვე შეხვდა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს.
მიშელმა საქართველოში გამართული ვიზიტისას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი შუამავლობით შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს 16 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს ევროპარლამენტში კონკრეტული შედეგებით ელიან.
მიშელის შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჩარჩო შეთანხმებაც გაფორმდა, რომელიც იმ საკვანძო საკითხებს მოიცავს, რომლის გარშემოც შემდგომი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს.
დოკუმენტში სხვა რეფორმებთან ერთად ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაცაა შეტანილი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის დასრულების შემდეგ ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი ამ დრომდე არ გამართულა.